2012 წლის ივნისში საქართველო სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში „ფიდეს” ეგიდით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატებს უმასპინძლებს. ოფიციალური განცხადება ამ მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების საქართველოში გამართვის შესახებ 23 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მინისტრთან შეხვედრას პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტი – ემილ სუტოვსკი (მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი, ისრაელის ნაკრების ლიდერი) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი – გიორგი გიორგაძე დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიო ჩემპიონატების საქართველოში ორგანიზება მას შემდეგ გახდა რეალური, რაც 18-21 თებერვალს თბილისის „შერატონ მეტეხი პალასში” ჩატარებული ევროპის 12 უძლიერეს ქალ მოჭადრაკეთა „ვარსკვლავთა ტურნირი” მაღალ დონეზე გაიმართა.
ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ (ფიდე) მსოფლიო ჩემპიონატების საქართველოში ჩატარებას დაუჭირა მხარი და ორგანიზების უფლება პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციას გადასცა. მნიშვნელოვანია, რომ „ფიდეს” ეგიდით სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიო ჩემპიონატები ოფიციალურად პირველად ჩატარდება, მასპინძელი კი საქართველო იქნება.
